დღეს, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი დევიდ გეილი თელავის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. დიპლომატი თავდაპირველად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ახალაურს შეხვდა და საკრებულოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ ისაუბრეს.
დევიდ გეილიმ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია თელავში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგანაც მოისმინა. შეხვედრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თელავის რაიონულ ორგანიზაციაში შედგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დევიდ გეილთან საუბრისას ხაზი საკრებულოს არაეფექტურ მუშაობას, მძიმე სოციალურ ფონს და სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირებას გაუსვეს.
"კონსერვატორმა" გიორგი მოსიაშვილმა 9 სექტემბრის ოპოზიციური პარტიის დარბევის ფაქტი და დღემდე გამოუძიებელი საქმეების მაგალითები მოიყვანა.
,,ჩვენ დავსვით ყველა პრობლემური საკითხი და საელჩოს წარმომადგენლისგან გარკვეული რჩევებიც მივიღეთ. კარგი იქნება, თუ მომავალში სხვა საელჩოს წარმომადგენლებიც ჩამოვლენ და გაეცნობიან ადგილზე შექმნილ მდგომარეობას", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ყარაულაშვილმა.