გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული „ოცნებაა“, ან ბიძინა ივანიშვილის რაღაც პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მისი მთელი ტაქტიკა აწყობილია იმაზე, რომ ამ სიტყვის პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხმებზე იპარაზიტოს და თქვას – მე ვარ უკეთესი „ოცნება“ და ის, რა ალტერნატივასაც გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილი. ის ამ თამაშში იმდენად ღრმად შევიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწია განცხადების გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში გიორგი გახარიას ასეთი პოზიციონირება კიდევ უფრო აძლიერებს გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო მისი გადადგომის მოტივაცია.
„ჩვენ ვნახეთ პარტიის პრეზენტაცია, ვნახეთ მისი ინტერვიუ მედიის წარმომადგენლებთან და დღეს აქვს ინტერვიუ ერთ-ერთ არხზე. თუ მის ამ სამივე საჯარო გამოჩენას დააკვირდებით, ნახავთ, რომ საერთო ჯამში, არაფრის მთქმელი საუბრები იყო – წყალი. არის რაღაც გარსი, შინაარსის გარეშე; ერთი მხრივ, საუბარი კრიტიკაზე, მაგრამ არა კრიტიკაზე და რაღაცნაირად, ამორფული პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საერთოდ გაუგებარს ხდის, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, თუ რა არის ამ პოლიტიკური გუნდის მიზანი, რამე დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი აქვს, თუ ერთადერთი მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობა და ამით იმის მცდელობა, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ზე ქვემოთ ჩამოწიოს. საუბარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე, არავის წინააღმდეგ არ ვართ და ა.შ, მიმართულია იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოს. რამდენად ექნება ამის შესაძლებლობა და შედეგი, მეორე საკითხია, მაგრამ მცდელობა აქეთ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.