რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების გამო.
ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეაშფოთა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, "მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში შეუსაბამოა ისეთი ეპითეტების გამოყენება, რომელიც ამახინჯებს ობიექტურ რეალობას რეგიონში".
"თურქეთის რესპუბლიკა უნდა მოერიდოს მიკერძოებულ და სტერეოტიპულ განცხადებებს საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ", - აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.