უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რუსეთის აგრესიის ფონზე, თუ რატომ ვერ მოიძებნა უკრაინის ნატოს სამიტში მონაწილეობის ფორმატი, რომელიც ივნისში არის დაგეგმილი. ამის შესახებ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, კულებამ ეს განცხადება დღეს, კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"გვესმის მოკავშირეების სურვილი, დახურული სამიტი ჩაატარონ, რათა ტრანსატლანტიკური ერთობა განიხილონ, თუმცა აბსოლუტურად არ გვესმის, როგორ შეიძლება ნატოს დახურული სამიტის ჩატარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ამის გაგება არ შეგვიძლია. როგორ შეიძლება არ მოიწვიო უკრაინა?" - განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებას განცხადებით, უკრაინა მადლიერია ნატოს პარტნიორებისთვის, ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურებისთვის, რომელიც ეფუძნება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას.
"მაგრამ მას შემდეგ უკვე 13 წელი გავიდა და ნაბიჯი არ გადადგმულა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც უკრაინაში ზოგჯერ გვკიცხვენენ ძალიან ნელი რეფორმების გამო, მაშინ რა შეგვიძლია ვთქვათ ალიანსის გადაწყვეტილებების მიღებასა და შესრულებაზე, რომელიც 13 წელია მტვრით არის დაფარული. უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გადაიზარდოს დაპირებების პოლიტიკაში", - თქვა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ უკრაინამ და საქართველომ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღონ.
"თუ 2008 წელს დაგვპირდნენ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, შემდეგი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა იყოს და 2021 წელი ამისთვის საუკეთესო მომენტია. ჩვენ ამ თემაზე ნატოს პარტნიორებთან ღიად ვსაუბრობთ და ვფიქრობ, დრო დადგა ამ თემაზე უკრაინულ საზოგადოებასაც ღიად ვესაუბროთ, რათა მათ მკაფიოდ ესმოდეთ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ბურთი ყოველთვის უკრაინის მხარეს არ არის. ალიანსისგან პასს ველოდებით", - განაცხადა მან.