მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-13 ადგილიდან მე-12-ზე გადმოინაცვლა.
ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ბოლო ხუთ წელიწადში.
ამ ახალი კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს ყველაზე აქტიური რეფორმატორია მთელს მსოფლიოში და ამ მხრივ პირველია სიაში.
"ბიზნესის წარმოება 2011" კვლევის ამ ახალი კრიტერიუმის თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მეწარმეებისთვის გარემო მსოფლიოს 174 ქვეყნიდან დაახლოებით 85-მა პროცენტმა გაამარტივა, რაც მთლიანობაში ბიზნესის მარეგულირებელ სფეროში 1511 ცვლილების გატარებაში აისახა.
"წელს საქართველომ კიდევ უფრო წაიწია წინ და მე-12 ადგილზე გადავიდა შარშანდელი მე-13-დან, რომელზეც იგი მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების შედეგად იყო. საქართველო კვლავაც რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთ ქვეყნად, რომელიც მოწინავე თხუთმეტი ქვეყნის სიაში შედის და სამაგალითოა ბიზნესის რეგულირების რეფორმების ტემპის თვალსაზრისით. საქართველომ რეფორმები გაატარა ბიზნესის რეგულირების შემდეგ სფეროებში: ბიზნესის დახურვა, კონტრაქტების აღსრულება, კრედიტის აღება (იურიდიული უფლებები) და ინვესტორების დაცვა", - ნათქვამია კვლევაში.
მასში ასევე განმარტებულია, რომ საქართველომ გააუმჯობესა გადახდისუუნარობის შემთხვევაში გასატარებელი პროცედურები და წესრიგში მოიყვანა აუქციონებზე გაყიდვის წესი. საჯარო აუქციონების ჩატარების პროცედურების ზუსტი გაწერით საქართველომ გაამარტივა კონტრაქტების აღსრულება, დანერგა კერძო აღსრულების ოფიცრის ინსტიტუტი და თანამედროვე ფორმატში მოაქცია დავების გადაჭრის სისტემა. გარდა ამისა, გირაოს ცენტრალიზებული რეესტრის სისტემის დანერგვით, რომელიც "ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი", საქართველომ კრედიტების ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. საქართველოში გაძლიერდა ინვესტორთა დაცვის მექანიზმებიც - ამჟამად სასამართლო პროცესის შემთხვევაში ინვესტორებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი კორპორაციული ინფორმაციაზე.