ნატო არ ჩქარობს უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის პროვოცირების შიშით. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ 2012-16 წლებში ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა კიევის ფორუმის ონლაინ დისკუსიის დროს. იუწყება Evropeyskaya Pravda.
"ნატოს წევრები მუდმივად იმეორებენ 2008 წელს დადებულ დაპირებას, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები მომავალში, მაგრამ მათ წინსვლის სურვილი დიდად არ აქვთ, რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების შიშით", - თქვა მან.
ვერშბოუს განცხადებით, დიდი შეცდომა იყო, როდესაც რუსეთს არ მოუწია საქართველოში 2008 წლის აგრესიის გამო საფასურის გადახდა, რამაც გარკვეულად ბიძგი მისცა მის მოქმედებებს 2014 წელს, ამჯერად უკრაინაში.
მისივე თქმით, ალიანსის წევრთა გაურკვევლობა რუსეთს აძლევს განცდას, რომ მას უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე ვეტოს დადების უფლება აქვს, მათი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციით.