საუკუნე გავიდა მისი დაბადებიდან... მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს 100 წლის მედეა ჩახავას, როგორც მოხუცს, დაუძლურებულს, ჩამქრალი თვალებითა და გამქრალი შთაგონებით! ის ახლაც ისეთივე საინტერესო, მომხიბვლელი და სიცოცხლის ტრფიალი იქნებოდა, როგორიც იყო თუნდაც 12 წლის წინ, ვიდრე დაგვტოვებდა. არადა, თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა. დრო - სასტიკი და დაუნდობელი - ჯერჯერობით ვერაფერს აკლებს მედეა ჩახავას დიდებას. მისი სიცოცხლე გრძლდება შვილებსა და შთამომავლობაში, რომლებიც ხელოვნების საუფლოში ქმნიან ხარისხს და აგრძელებენ სიყვარულისა და კეთილშობილების იმ ტრადიციას, გენეტიკურად რომ მოსდგამთ.
გავა დრო... თანდათან შემცირდება და, ბოლოს, შეწყდება იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვიცნობდით, ვხვდებოდით, სცენაზე ვხედავდით დიდ მსახიობს... მაგრამ ქართული თეატრისა და კინოს ფირებზე შემორჩენილი მედეა ჩახავას განცდისა და გარდასახვის ხალასი ტალანტით უშურველად გაღებული წუთები დიდხანს მიანიჭებს ქართველ ერს ბედნიერებას.
გზის დასაწყისი
მოძრავი, ხალისიანი, პლასტიკური იყო. უყვარდა ცეკვა. თვით ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ახალგახნილ ჯგუფშიც კი ცეკვავდა, ეტრფოდა ხელოვნებას, განსაკუთრებით - თეატრს (ან რა გასაკვირია?!), თუმცა ამ დროს საქართველოში არ იყო სათეატრო უმაღლესი სასწავლებელი. ამიტომ, მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით - ეს იყო 1938 წელი. თეატრალური ინსტიტუტის დაარსება მოგვიანებით გაიგო, მაგრამ დაეხმარა მამა, რომლის თანაკურსელიც იყო აკაკი ხორავა ჯერ კიდევ კიევის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში. მისაღები გამოცდები დამთავრებული იყო, მაგრამ მეცხრე აუდიტორიაში მაინც შეიკრიბა კომისია: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, დოდო ალექსიძე, მალიკო მრევლიშვილი და გიორგი ტოვსტონოგოვი. თავად უგონოდ ღელავდა, უსაშველოდ... მოუსმინეს მედეა ჩახავას, რომელსაც ორჯერ ერთსა და იმავე ადგილას დაავიწყდა ლექსი, მერე იტირა. ამის გამო დაასკვნეს: ტირის, იცინის - ემოციური გოგონააო და შეთავსებით მიიღეს ინსტიტუტში: უნივერსიტეტშიც უნდა ესწავლა და აქაც უნდა ევლო ლექციებზე. ზამთრის სესიების შეჯამების შედეგად კი გადაწყდა, გაუქმებულიყო შეთავსება და მედიკო თეატრალურ ინსტიტუტში უნდა დარჩენილიყო - ასე დაიწყო ბედნიერი საინსტიტუტო ცხოვრება გიორგი ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით. მესამე კურსზე უკვე სტალინური სტიპენდიანტიც გახდა. იმ დროში ეს დიდი იშვიათობა იყო!
ცხოვრება თეატრში და თეატრით
1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა: "როცა ახალგაზრები მივედით თეატრში, გვეამაყებოდა უფროსი თაობა, მასთან ურთიერთობა, პარტნიორობა - ეს ჩვენთვის დღესასწაული იყო! ახალგაზრდამ უფროსი თაობის მსახიობისგან უნდა ისწავლოს, თაობათა ცვლა ბუნებრივად უნდა ხდებოდეს".
სულ ცოტა ხანში მიხეილ თუმანიშვილის "შვიდკაცათი" დაიწყო ქართული თეატრის ახალი ეპოქა. ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფმა: მედეა ჩახავამ, რამაზ ჩხიკვაძემ, გიორგი გეგეჭკორმა, ეროსი მანჯგალაძემ, გურამ საღარაძემ, ბადრი კობახიძემ, კოტე მახარაძემ და თავად დიდმა მაესტრომ ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.
შვილთან თამაში
ერთხელ ვკითხე: ბედნიერი ხართ-მეთქი?! არ დაფიქრებულა, მშვიდად მიპასუხა: "ცხოვრება ბედნიერებისა და უბედურებისაგან შედგება. ბედნიერება, საერთოდ, მერე იგრძნობა, დრო გავა და შეაფასებ! მაგრამ როგორ შეიძლება არ ვიყო ბედნიერი, როცა მყავს ასეთი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები?!"
თემურ ჩხეიძე ერიდებოდა დედასთან მუშაობას. არც ქალბატონი მედიკო იკლავდა თავს: არიქა, შვილმა როლები მომაყაროსო. მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთზე“ მუშაობა რუსთაველის თეატრში 1976 წელს დაიწყეს (დამდგმელი თ. ჩხეიძე, მხატვარი მ. შველიძე, ქორეოგრაფი ი. ზარეცკი. პრემიერა შედგა 03.01.1977 წ.). ქეთევან ახატნელის როლზე სამი მსახიობი დაამტკიცეს.
მედეა ჩახავას ქვრივი ახატნელი უნდა ეთამაშა. დაიწყო შემოქმედებითი პროცესი, ერთმანეთს ცვლიდა რეპეტიციები, მაგრამ მოულოდნელად გაიგო დედამ, რომ შვილმა როლიდან მოხსნა. რეჟისორმა შეცვალა კონცეფცია - სპექტაკლის მთლიანი ორგანული ქსოვილისათვის ზედმეტად ჩათვალა ქვრივი ახატნელის სახე და როლზე მხოლოდ მარინა ჯანაშია დატოვა. მ. ჩახავას გული დასწყდა, მომზადებული როლი ვეღარ ითამაშა და ჩუმად იტირა... რუსლან მიქაბერიძემ კი ასეთი სტროფი მიუძღვნა უკომპრომისო შვილსა და რეჟისორს:
"ჯანაშიასთან მედიკო
გამოჩნდა ცოტა მომსხვილო,
რა პრინციპული ყოფილხარ
როლიდან დედამოხსნილო!"
გავიდა დრო და მედეა ჩახავას ცხოვრებაში დადგა დრო იძულებითი, დიდი და ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზისა. რუსთაველის თეატრის პრიმამსახიობს როლებს აღარ აძლევდნენ. ცხოვრება თეატრში მიდიოდა მედეა ჩახავას გარეშე. არადა, მაყურებელი ითხოვდა საყვარელ მსახიობთან შეხვედრას. ამ იძულებით შემოქმედებით პაუზასაც გმირული სიმდაბლით უძლებდა. თემურ ჩხეიძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იყო და რუსთაველის თეატრში ის ვერაფრს შეცვლიდა დედის სასარგებლოდ.
ძლიერი სულის პარტონი იყო და ამიტომ ამბობდა: "მართალია, თეატრში უკვე აღარ ვიყავი დაკავებული, მაგრამ უმოქმედოდ არ ვყოფილვარ, რადიოთი, ტელევიზიითა თუ შეხვედრებით მაინც მქონდა შემოქმედებითი შევსება. აკადემიური თეატრის მონატრებას ეს, რა თქმა უნდა, ვერ ცვლიდა, მაგრამ ვახერხებდი გადართვას. ჩემ ირგვლივ იმდენად ჩართული ვარ თეატრალურ პროცესში, რომ წარსულზე დიდად არ ვფიქრობ! როცა მარტო ვარ შინ, ზოგჯერ მიკვირს, რატომ არ მენატრება წარსული?! - წარსულს არ მივტირი არასდროს!"
ერთხელაც, ქვეყნის პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ სთხოვა თ. ჩხეიძეს, დედაშენი ათამაშე და ჩვენც გაგვახარეო. ქალბატონი მედიკო ფრთხილად და ფარული იუმორით შეახსენებდა შვილს: "ბატონი ედუარდის თხოვნა ხომ გახსოვს?!"
- ჰო, დედა, ჰო - ეტყოდა თემურ ჩხეიძე, მაგრამ როლი არ ჩანდა.
ნანატრი დღეც დადგა: 2004 წელს სამეფო უბნის თეატრში დაიდგა სპექტაკლი "აქ, ამ სავანეში" (მანანა დოიაშვილის ორი ნოველის: "დიდება იმპერატორ რამუს პირველსა" და "პაუზის"; გოგა თავაძის "თითო ბოთლი ლუდისა" და თამარ ბართაიას "სარკის" მიხედვით). ეს იყო თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნოს ნამუშევარი. ყველა ნოველას თავისი რეჟისორი ჰყავდა. მედეა ჩახავამ თ. ბართაიას "სარკეში" (რეჟისორი მამუკა ტყემალაძე), თამარ სხირტლაძესთან ერთად, შექმნა დაუვიწყარი სახე. ბედნიერი იყო თავადაც, ზეიმობდა ქართული თეატრიც და კმაყოფილი იყო თემურ ჩხეიძეც: მე ამ დროს ვუცდიდი, რომ შენთვის მიმესადაგებინა მასალაო - პეტერბურგიდან ტელეფონით უთხრა. ეს იყო დედა-შვილის უკანასკნელი ტანდემი.
კინოვარსკვლავი
თეატრი უფრო უყვარდა (როგორც ყველა მსახიობს!), მაგრამ კინომ უზარმაზარი სიხარული და პოპულარობა მოუტანა. არადა, მხოლოდ 16 ფილმში გადაიღეს, უკანასკნელში - 2005 წელს, მაგრამ მისი ნიჭის ელვარება (ლირიკულიც და დრამატულიც) მაინც გამოავლინა ქართულმა კინომ, რომლის ეკრანზე 56 წელი განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით დაჭიკჭიკებდა მედეა ჩახავა.
დიდი ნიჭია, უმღერო სიყვარულს
კრიტიკას ადვილად იღებდა, რადგან ასე აღზარდა გიორგი ტოვსტონოგოვმა. ყოველთვის ითვალისწინებდა შენიშვნებს. მერე გამანდო: "თეატრალური კრიტიკა მასწავლიდა, რისთვის მიმექცია ყურადღება, რა და როგორ გამეკეთებენინა. კრიტიკა აუცილებელია. ზოგჯერ არ გესიამოვნება, მაგრამ წარმოუდგენელია მის გარეშე მსახიობის შემოქმედებითი ზრდა და სრულყოფა. ოღონდ ერთი კია, კრიტიკოსს იმდენი უნდა შეეძლოს, ისე თქვას, რომ პიროვნულად არ შეურაცხყოს, არ დაჩაგროს მსახიობი".
ბევრი რამ დაწერილა მედეა ჩახავას ტალანტის შესახებ, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მიხეილ თუმანიშვილის შეფასება: "გავიდა მრავალი წელი და მედეა ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად... მედეა ჩახავა, ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩანაფიქრს... მე ძალიან მიყვარს მედიკო, როგორც მსახიობი და, შესაძლოა, სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ, რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მოვიგონოთ თუნდაც მისი მომხიბვლელი სარე, ფეფელა ან ეშმაკი მელაკუდა "ჭინჭრაქადან", ორივე ლიდა - ერთი აქტიური, თავისი ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლი და მეორე მოსიყვარულე, ტანჯული და მშვენიერი. მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი ცხოვრებისეული წუთი მაგონდება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ მოგონებად შემომრჩა, მაგრამ ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამდვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია - უმღერო სიყვარულს.
ანდერძი, რომელიც ვერ აუსრულეს
სხვა ბევრი ტალანტი ჰქონდა ქალბატონ მედიკოს, იშვიათი მეგობრობის უნარი, გულისხმიერი და ერთგული ადამიანის თვისებები, სიცოცხლის სიყვარული... ბედნიერ ქალად თვლიდა თავს ამდენი შვილიშვილისა და შვილთაშვილის პატრონი, ამდენი ხელოვანის დედა, ბებია თუ დიდი ბებია... სიკვდილის შიში არ ჰქონდა, მაგრამ "იცი, რისი მეშინია? - მითხრა ერთხელ - მიწის ქვეშ ყოფნისა. სულ ვეუბნები შვილებს: დამწვით და ჩემი ფერფლი ჩემი მოამაგე მშობლების საფლავზე მოაყარეთ-მეთქი. რამე რომ მოხდეს და გამეღვიძოს იქ, ცივ სამარეში, მაშინ რა ვქნა?! ამიტომ მინდა დამწვან და მიწას შევერიო!"
დარჩა კინოროლები, ფირმა შემოინახა რამდენიმე სცენური სახეც, რადიოსა და ტელევიზიის ფონდებში დაცულია მსახიობის ნაღვაწი. ამ ქვეყნად დარჩნენ მისი ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები... მისი დიდი შთამომავლობა, რომელიც მსახიობის ამქვეყნიური ბედნიერება იყო. თავადაც ასე მითხრა: ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მათზე, მათთან ურთიერთობაზე, მათთან ყოფნაზე - ეს მაძლევს სიცოცხლის მუხტსა და ძალას.
და კიდევ ერთი, დარჩა დაუძლეველი სიყვარული და მწვავე მონატრება მსახიობისა, რომელიც დღეს 100 წლის გახდა, მასთან შეხვედრის სიხარულისა, განცდისა და გარდასახვის თეატრის დღესასწაულისა, ასე რომ აკლია ქართველ მაყურებელს!
საბა მეტრეველი