მთელი გულით მოვუწოდებ ოპოზიციურ სპექტრს, ფეხი არ შევდგათ პარლამენტში, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი ერთადერთი გზაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მოსაცილებლად.
„განვლილი ერთი წელი იყო ჟამი დიდი გაერთიანებისა, რომელიც ჩვენი ეგიდით ამ დარბაზში ხდებიდა. ისტორიას არ ახსოვს ქართული ოპოზიციის ასეთი ერთსულოვნება, რამაც მოიტანა უდიდესი შედეგები, მაგრამ წინ გველოდებოდა უფრო გრანდიოზული ხელისუფლება, რუსი ოლიგარქი მიმწყვდეული გვყავდა კუთხეში, რამდენიმე თვეში რეალობა გახლდათ დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა. ეს ყველაფერი შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს ფეხი შეედგათ პარლამენტში.
მე მინდა მთელი გულით, მეგობრული და კოლეგიალური გრძნობით მოვუწოდო ოპოზიციურ სპექტრს: ახლა დადგა ჟამი, როდესაც, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში.
ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს კოალიცია და ფეხი არ შევდგათ პარლამენტში, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, მან დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.