დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიიდ გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ გახსნა პარლამენტის ახალი სესია. ეს პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც ქვრივი დედოფალი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.
დედოფალმა თავის სიტყვაში მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა. ელისაბედ მეორის განცხადებით, ლონდონი გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას უცხო სახელმწიფოების მტრული საქმიანობის მიმართ.
სიტყვით გამოსვლისას, დედოფალმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პანდემიის შედეგების დაძლევასა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემის გაძლიერებას, ასევე ვაქცინაციის საკითხებს. იმ გამოწვევებს შორის, რომელსაც პარლამენტი ახალი სესიის დროს ფოკუსირდება, იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბიზნესის ხელშეწყობა.
ელისაბედ მეორემ აღნიშნა, რომ კანონმდებლები გააგრძელებენ მუშაობას ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის ძალთა ბალანსის დასაცავად და იმუშავებენ გაერთიანებული სამეფოს ძალაუფლების განმტკიცებისთვის.
ბრიტანული სამეფო ტრადიციის მიხედვით, მონარქი თავის სიტყვას პარლამენტის ლორდთა პალატის დარბაზში წარმოთქვამს.
გაერთიანებული სამეფოს მონარქები სიტყვას თემთა პალატაში, როგორც წესი, არ წარმოთქვამენ, ნიშნად თემთა პალატის მონარქისგან დამოუკიდებლობისა.
მონარქის ტრადიციულ მიმართვას მთავრობის წევრები წერენ, რის შემდეგაც ტექსტს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანცელარია.
პარლამენტის ახალი სესიის გახსნა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვების დაცვით ჩატარდა. დარბაზში მხოლოდ 108 ადამიანი იმყოფებოდა, უწინ ამ ღონისძიებას 600-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
სამეფო სიტყვის წარმოთქმისას, დედოფალს თან ახლდნენ პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე, კორნუელის ჰერცოგინია კამილა.