"ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, პარტია ახლა არ უნდა შევიდეს პარლამენტში.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პარტიაში გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღება.
"ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელიას პოზიციაც გაიგეთ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დაიწყება კონსულტაციები, ძალიან ფართო კონსულტაციები პარტიაშიც, პარტიის გარეთაც, მხარდამჭერებთანაც, ამომრჩევლებთანაც. ამ კონსულტაციების შედეგად, ძალიან ფართო მონაწილეობითი პროცესის შედეგად, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი შესვლასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და ეს არის ნორმალური პროცესი. უფრო მეტიც, ეს არის კარგი პროცესი, როდესაც ჩვენ ახალი პრაქტიკის დამკვიდრება დავიწყეთ, დემოკრატიული პრეცედენტის, როდესაც საჯაროდ ხდება რაღაც პოზიციების განხილვა და ამ განხილვაში ასევე ჩართულები არიან ჩვენი ამომრჩევლებიც და მხარდამჭერებიც. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთად და ფართო მონაწილეობით, ეს არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.