მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით.
"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი", - წერს სააკაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საპატიმრო დატოვა. რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ.
საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს გათავისუფლდა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.
8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.