ლონდონის მოქმედმა ლეიბორისტმა მერმა დაამარცხა კონსერვატორი მეტოქე შონ ბეილი და მეორე ვადით გახდა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის მერი.
სადიქ ხანმა ლონდონის მერის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 55.2% მიიმხრო.
პარლამენტის ყოფილი წევრი სადიქ ხანი ლონდონის პირველი მუსლიმი მერია. ამ თანამდებობაზე პირველად იგი 2016 წელს აირჩიეს.
გამარჯვების შემდეგ მერიაში სიტყვის გამოსვლისას სადიქ ხანმა პირობა დადო, რომ ყველა ხერხს მიმართავს, რათა "ხელი შეუწყოს ლონდონის უკეთესი, ნათელი მომავლის შექმნას".
"მე ყოველთვის ვიქნები ყველა ლონდონელის მერი და ვიმუშავებ ამ ქალაქში თითოეული ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, - თქვა სადიქ ხანმა.
კონსერვატორმა მეტოქემ ლონდონის ახლადარჩეულ მერს გამარჯვება უკვე მიულოცა და წარმატებები უსურვა.