9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
„ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.
„ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი შეასრულებენ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებს;
ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში;
საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და პარტნიორები, როგორც ევროპის გუნდი, ერთობლივ ვიდეოგზავნილს გაავრცელებენ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას გააკეთებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ისეთი ახლო პარტნიორების მიმართ, როგორიც საქართველოა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა: ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.
რაც შეეხება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამებს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ: „უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღრებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში. მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40,000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. გასულ წლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო“.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება მიღებულ იქნა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო. ეს შეთანხმება უფრო აახლოებს საქართველოსა და ევროკავშირის ხალხს, ასევე აძლიერებს ტურიზმს და ბიზნეს კავშირებს.