გარკვეული სტიმულების დაწესება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული პაკეტი მზადდება.
"გარკვეული სტიმულების დაწესება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. კონკრეტული პაკეტი მზადდება და ამაზე ნაადრევია საუბარი",- ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, საუბარი მიდის ბიზნესსექტორის წახალისებაზეც.
"საუბარია ბიზნესის წახალისებაზე იმისთვის, რომ მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. აქ მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო ან რესტორანი არის ვაქცინირებული პირებით დაკომპლექტებული და იქ ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოა და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაღაც თვალსაჩინო ნიშანი", - განაცხადა გაბუნიამ და განმარტა, რომ ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების მექანიზმი აქტიური მაშინ გახდება, როდესაც იმუნიზაციის პროცესი გაფართოვდება.
"ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება მოსახლეობის, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ ეს უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც ჩვენ გადავალთ მოსახლეობის ფართო მოცვაზე",- განაცხადა გაბუნიამ.