პრეზიდენტმა გიორგი რურუა, შესაძლოა, დღეს შეიწყალოს.
პარლამენტში ოპოზიიციის მისვლის პარალელურად, დაპირებისამებრ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის დღეს გამოსცემს.
გარდა ამისა, პარლამენტში უნდა დაიწყოს ამნისტის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები.
19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.