სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის საგამოძიებო ექსპერტი - რეი სამერსი უძღვებოდა.
სასწავლო კურსი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: თვალთვალი, მიყურადება, ქონებრივ უფლებებში ჩარევა, ფარული დაზვერვის წყაროები, საიდუმლო პირები და სხვა. პროგრამის ფარგლებში მიმოხილული იქნა დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა, ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები.
ტრენინგი თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები ხელს შეუწყობს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტის ამაღლებას, საგამოძიებო მოქმედებათა დაგეგმვისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესებას.
ტრენინგი ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.