პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას "ეპატიოს" ის ქმედება, რომლის გამოც პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
ოხანაშვილმა თქვა, რომ ამნისტიის აქტს გამოსცემენ, თუმცა არ გამორიცხა, მელიამ ოცნების "წყალობაზე" უარი თქვას.
"ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს.
თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას ქართული ოცნების წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ამნისტია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხება.
"შეთანხმებაში წერია, რომ ეს ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად შეეხებათ და იქნებიან ამნისტირებულები", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.