პარლამენტისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი შეთანხმების დოკუმენტზე აცხადებს, რომ ეს იდეალური არ არის, თუმცა, გახარიას გუნდი მას ხელს მოაწერს. ეს შეთანხმება, მისივე თქმით, არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.
"მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მსურს გახარიას გუნდის პოზიცია დავაფიქსირო: პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად აქციეს, ამით შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი.
ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა, ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება. ეს არსებული კრიზისის განმუხტვის და შემცირების შესაძლებლობაა, რასაც ჩვენ გმოვიყენებთ და დოკუმენტს ხელს მოვაწერთ,"- აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი