დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საგამოფენო დარბაზში წიგნის "მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი, რომლის ავტორი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, ქეთი ნინიძეა, საქართველოს განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნში განხილულია რუსეთის იმპერიის ლიტერატურული პოლიტიკის საკითხები კავკასიის ომისა და მის შემდგომ პერიოდში, როგორ ყალიბდებოდა და ვრცელდებოდა სტერეოტიპები და სტიგმები, იქმნებოდა მტრის ხატი კავკასიისა და კავკასიელებისგან რუსი კლასიკოსი ავტორების შემოქმედებაში. წიგნი სამეცნიერო ლიტერატურაში ტაბუს ახდის მრავალ თემას.
პრეზენტაციას განათლების მინისტრი ნიკა გვარამია, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, თეოლოგი ნოდარ ლადარია და სხვები დაესწრებიან. მოხსენებებით გამოვლენ ნოდარ ლადარია, ბელა წიფურია და ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები.
ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წიგნი ქართულ და დასავლეთის სამეცნიერო საზოგადოებებში პოპულარიზაციისთვისაა გამიზნული და ნათელს მოჰფენს ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების მანამდე უცნობ დეტალებს.