სალომე სამადაშვილის ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებას და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა, წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე წერს.
"ბევრი ენმ-ის წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა) რომ იგი არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.
სადაც ეს ხალხი, ვინც იქ დგას, შედის, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.
სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, ვიდრე პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, მანამ ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება", - წერს ბარამიძე.
ბარამიძე აღნიშნავს, რომ სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხის დააყენებას მხარს დაუჭერს.
"ფაქტობრივად დატოვა და გაემიჯნა, ოფიციალურად თუ ამას არ იზამს, მე მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას დავუჭერ მხარს", - წერს ბარამიძე.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს.