ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ შეატყობინა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი" პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრაღაში რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ევროპული მედიის ცნობით, საუბარია რუსეთის დაზვერვის ოფიცრებზე, რომლებიც დიპლომატიურ საფარველქვეშ ჩეხეთში სადაზვერვო საქმიანობას ეწევიან. როგორც იუწყებიან, ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული "დიპლომატები" მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აბსურდულად მიიჩნევენ ჩეხეთის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ მოსკოვი პრაღას პროპორციულად უპასუხებს.