საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმით“ იმუნიზაციის დასაწყებად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავოტრიზაციას აღარ დაელოდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჩინური წარმოების სინოფარმის ვაქცინის აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ეს საქართველოში მისი გამოყენების პროცესს არ შეაფერხებს.
გაბუნიას თქმით, დღევანდელი ეპიდემილოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყოს.
"სინოფარმის ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყანაში და ვაქცინაცია მიმდინარეობს ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ ასტრაზენეკას არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო. ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის ბოლოდან", - ამბობს გაბუნია.
3 აპრილს საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო.