სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, მამუკა ჯანგულაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი.
შეხვედრის მიზანი სამსახურებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევის პერსპექტივების განხილვა იყო. მხარეებმა იმსჯელეს უწყებებს შორის თანამშრომლობაზე როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.
ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ყველა სახის ექსპერტიზა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინიშნება. სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად არის შემცირებული ექსპერტიზის დასკვნების მომზადების ვადები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დროული გამოძიების ჩატარებას. პროგრესის პარალელურად, ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე - კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სირთულეებზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე, სამედიცინო ექსპერტების არასამუშაო დღეებსა და საათებში ხელმისაწვდომობაზე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული პროცედურების ფარგლებში სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროულობაზე. მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ბიუროს კონკრეტული სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე და გამოწვევების დაძლევის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკის გაგრძელებაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის ბიურო დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და ბიომეტრიულ მონაცემებს ამუშავებს, მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების პრევენციის მიზნით, უწყებებს შორის კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია აუცილებელია. ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარებაზე და სხვა აქტივობების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად უწყობს და მომავალშიც შეუწყობს ხელს სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას.