არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად სამომავლოდ მოგახსენებთ. ჩვენი თანამოაზრე არის ასევე მიხეილ დაუშვილი. ის ამჟამად არის კოვიდინციირებული, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, მალე შემოუერთდება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" დატოვეს ბექა ლილუაშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანნა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილმა.