გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას", – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
"თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები",- თქვა ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" დატოვეს ბექა ლილუაშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანნა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილმა.