ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორი და "საერთაშორისო იდეის" გლობალური პროგრამების მენეჯერი ამბობს, რომ საქართველოში ვადამდელი არაჩევნების ჩატარება ევროპისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება. ამის შესახებ თორნტონმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელახალი არჩევნების ნაცვლად, ძალისხმევა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაში უნდა ჩაიდოს.
"საქართველოს არჩევნებზე არაერთი ანგარიში გამოიცა და ანგარიშებმა დაგვანახა, რომ არჩევნებში სერიოზული პრობლემები იყო, თუმცა მჯერა, რომ ამ პრობლემების ნაწილი არა უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდელ პერიოდს უკავშირდება. ჩემი აზრით საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. საარჩევნო კანონი საერთაშორისო გადმოსახედიდან ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკო-ს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა საკანონმდებლო ბევრი ცვლილება საჭირო არ არის. ის რაც გასასწორებელია, ძირითადად ცესკო-ს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება...
საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ადგილობრვიმა დამკვირვებლებმა, რომლებიც პარალელურ დათვლას აწარმოებდნენ, არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალეს და თქვეს, რომ ქართული ოცნება მარტივ უმრავლესობას მოიპოვებდა. ფართო კონტექსტს რომ დავუბრუნდე, ვადამდელი არჩევნების დანიშნვა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის. ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში ჩავდებდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას დასჭირდება. არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი", - აღნიშნავს თორნტონი.
ამასთან, ლორა თორნტონი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯები მოლაპარაკების პროცესში მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას.
"ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება გიორგი რურუასა და ნიკა მელია გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები", - ამბობს თორნტონი.