საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული.
"ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მზარდი დარღვევებით, რასაც ბოლო პერიოდში ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზება დაემატა. ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლემებს და ნათლად ვხედავთ რუსეთის ჩვეულ და სახიფათო ქცევას, რაც მდგომარეობს კონფლიქტის უკიდურესად დაძაბვასა და ესკალაციაში. საქართველოს და უკრაინას მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ და, ასევე, საერთო სამომავლო გეგმები აქვთ.
ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე კარგი გამოხატულებაა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიზნების ერთობლივი განხორციელება, როგორიცაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითრება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს მეგობარ უკრაინას და ჩვენს კოლეგებს რადაში, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვუდასტურებთ სოლიდარობას და მზაობას, ვიყოთ ერთიანი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნების ინტერესების დაცვაში რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებების წინააღმდეგ" , -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.
"რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცველია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტად მიგვაჩნია. ასევე, მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ. შესაბამისად, მოვუწოდებთ საერთაშორუისიო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს უკრაინასა და საქართველოში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.