"ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს", - აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ბრუის ჯორჯმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, იუწყება I არხი
ბრუის ჯორჯის შეფასებით, საქართველოსთან ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რომ ის რუსეთის იმპერიის ნაწილს უკვე აღარ წარმოადგენს. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მისი თქმით, რუსეთი ენერგორესურსებით მსოფლიოში თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უფრო ეფექტური პოლიტიკა შეიმუშაონ.
ჯორჯმა უკრაინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი უკრაინაზე გავლენის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეეცდება.