ვწუხვარ, მაგრამ გზა, რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, რომელმაც "ევროპული საქართველო" დატოვა.
უგულავა აღნიშნავს, რომ პარტიას განახლება სჭირდება, განახლება, რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას, ან უარყოფას, გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ის არის, რომ მისი მოსაზრება, რომ მმართველი ლიდერები გაწეულიყვნენ პარტიის მართვისგან და დარჩენილიყვნენ მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
„ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება, გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო, როდის გაგწევენ“, - წერს უგულავა და აღნიშნავს, რომ ის, რაც გიგა ბოკერიასთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, მისთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა.
„მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, "ევროპულ საქართველოსთანაც" ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ”, - წერს გიგი უგულავა.