რაც დრო გადის და უფრო ბევრჯერ იტყვიან, რომ სპეციალურად არ გამოდის, დასავლეთიც იტყვის, რომ გასაგებია, თავი დააჭერინა, იმათაც სისულელე მოუვიდათ და დაიჭირეს, მაგრამ ჯინაზე არგამოსვლა პოლიტპატიმრობა აღარაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, GIPA-ს პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ “ჯი-ეიჩ-ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ ოცნება სისულელს ჩაიდენს.
„სხვანაირად ვერ ვხსნი, მაგრამ რამდენად საიმედოა, როდესაც შენ სხვისი სისულელის იმედზე ხარ? არ არის მაინცდამაინც საინტერესო სტრატეგია, თუნდაც აქამდე რომ ჰქონდეს სისულელე ჩადენილი. ყოველთვის ამ სისულელის იმედზე ხომ ვერ იქნები? არადა, მგონია, რომ სწორედ ამის იმედზე არიან, რადგან ამ ეტაპზე მე სხვას ვერაფერს ვერ ვხედავ“, - ამბობს შარაშენიძე და აღნიშნავს, რომ მელიას დაჭერით ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ შეირყა, „მაგრამ ამის მერე არაფერი ისეთი არ ხდება. სასწაულ სისულელეს არ აკეთებს, არც მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს, ტელევიზიებში არავის უვარდება და ა.შ.“
„რა პოლიტპატიმარია, ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გავიდეს. ზალიკო უდუმაშვილი იმასაც კი ამბობს, ჩვენ სპეციალურად არ ვიხდითო და როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, ცხადია, ხელისუფლების ქმედებებს უკვე ეს ფაქტიც ვეღარ ამძიმებს. ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, ოპოზიცია როგორ გამოიყენებს მეთქი და იმის ძახილი, სპეციალურად არ გადავხიდით, რომ არ გამოვიდეს, ცხადია, დასავლეთთან ოპოზიციის სასარგებლოდ არ თამაშობს. უარყოფითი ეფექტი იყო დაპატიმრების მომენტი, მაგარამ ამან უკვე თითქმის მთლიანად გაიარა, სწორედ ოპოზიციის გაუაზრებელი და გაუთვლელი ქმედებების გამო. რაც დრო გადის და უფრო ბევრჯერ იტყვიან, რომ სპეციალურად არ გამოდის, დასავლეთიც იტყვის, რომ გასაგებია, თავი დააჭერინა, იმათაც სისულელე მოუვიდათ და დაიჭირეს, მაგრამ ჯინაზე არგამოსვლა პოლიტპატიმრობა აღარაა. ამიტომ, როგორც ჩანს, არიან ახალი შეცდომის მოლოდინში. დაუშვებს ხელისუფლება შეცდომას? მე, პირადად, არ ვიცი. ალბათობა დაითვალონ. მაგრამ ალბათობის დათვლაც არ უნდათ”, - ამბობს შარაშენიძე.