დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი უკვე დღის წესრიგში დგას და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.
მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრებამდე ტრანსპორტირებაში დახმარება და მობილური ბრიგადების გამოყოფა.
"მალე დადგება შშმ პირების ვაქცინაციის საკითხი. საბჭო ამ დღეებში განიხილავს დამატებითი კონტიგენტის ჩართვის საკითხს და, მათ შორის, განხილული იქნება ეს საკითხიც. ვაქცინების დეფიციტის გამო, ამ ეტაპზე, იქნებ სრულად ვერ იქნეს დაფარული, რადგან, როგორც მახსოვს, ქვეყანაში 300 ათასამდე შშმ პირია. ეს საკითხი დგას და ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, მობილურ ბრიგადებზეა საუბარი, დახმარებაში ტრანსპორტირებაში ვაქცინაციის ცენტრებთან და ა.შ
რაც შეეხება ტესტირებას, ამ საკითხსაც დავაყენებთ საბჭოზე, რომ ამ ადამიანებს მივცეთ მეტი ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, მით უმეტეს, მესამე ტალღის პერიოდში, თუ ის იქნა, ტესტირება უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს”,-აცხადებს გამყრელიძე.