ალბათ, ვუახლოვდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამისთვის საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა.
“ალბათ, ყველა შეხვედრის შემდეგ ბატონი დანიელსონი თვითონ გააკეთებს საჯარო განცხადებას, სადაც გვეტყვის შემდგომ ნაბიჯებს როგორ ვდგამთ მოლაპარაკების პროცესში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიცია ესაა და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ და ამისთვის საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ორი ვარიანტია, ან ხდება შეთანხმება, ან - ვერა. გულწრფელად გეუბნებით, მგონია რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე კითხვაც დავისვი და მიპასუხეს, რომ ყველა საკითხი იქნება ამ დოკუმენტში გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.