ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახავს გზას არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება.
ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ საქართველოში უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად, კომპრომისისა და შერიგების სულისკვეთებით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ნებისმიერი ძალისხმევა ღირს ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელსაც უძღვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახავს გზას არსებული კრიზისიდან.
ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველომ ეს გზა გააგრძელოს.
მნიშვნელოვანი წინსვლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლები.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი”, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი
მარინა კალიურანდი
ანდიურს კუბილიუსი
ვიოლა ფონ კრამონი
სვენ მიქსერი
მიქაელ გალერი
პეტრას აუსტრევიჩუსი