მნიშვნელოვანია, კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის და კომპრომისის გარეშე შეუძლებელია, რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ფაქტიურად ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში. მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობდით, რაც ეწერა ჩვენს განცხადებაში, იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი შეიცვალოს, სადაც ოპოზიციის როლი იქნება. სადაც იქნებიან ნეიტრალური ადამიანები და ნეიტრალური ფიგურები, რომლებიც კანონის შესაბამისად და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ, როდესაც მათ შორის ესეთი კრიზისები გვექნება. სამწუხაროდ ეს ჩვენ არ გვაქვს დღეს. ასევე რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს და რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი, მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად შეიცვალოს სასამართლო, დამოუკიდებელი გახდეს და საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს სასამართლო სისტემის მიმართ. ასევე, საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს უახლოეს პერიოდში, რადგან ჩვენთან მოდის ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ, რათა ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.