"ხელისუფლების ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა საკმარისი არ არის, აუცილებელია საქმითაც დაამტკიცო - ამბობს ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე გავლენიან ფრანგულ გამოცემა Le monde-თან, რომელმაც საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე სტატია მოამზადა.
ნატალი საბანაძემ ფრანგულ გამოცემას დაუდასტურა, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა.
Le monde-ს ცნობით, ქართველმა დიპლომატმა დეტალებში შესვლა არ ისურვა, სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდების მოტივით.
ამასთან, ნატალია საბანაძე წუხილს გამოთქვამს, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირის მედიაცია [ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის] უშედეგოდ დასრულდა და იმედოვნებს, მისი გადადგომა ორივე მხარისთვის კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიებისთვის ერთგვარი ნიშანი იქნება.
შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.
საბანაძის გადადგომას მალევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ დიპლომატს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა. ამასთან, უწყებამ მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.