შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
წულუკიანის თქმით, მუზეუმში დაცული ექსპონატების უმრავლესობა სხვაგანაა გადატანილი და დღეს იქ მხოლოდ "ოქროს ფონდი" და რამდენიმე ხატია დარჩენილი.
"ოქროს ფონდი" არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის პრობლემა, რომელიც დღეს სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ეს მუზეუმი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა. მუზეუმიდან ექსპონატები სხვაგანაა გადატანილი. იქ ვეღარ ნახავთ ფიროსმანს, ვეღარ ნახავთ იმას, რასაც იყავით ჩვეული, იქნება ეს გაბაშვილი თუ სხვა, ვერ ნახავთ "ყაჯრულ კოლექციას" და ბევრ სხვა რამეს ვეღარ ნახავთ, ეს უკვე სხვაგანაა გადატანილი. ერთადერთი რაც ვერ იქნა გადატანილი, ესაა „ოქროს ფონდი“, და ეს ფონდი, ხახულის ხატი, აწყურის ხატი და სხვა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ვინაიდან მე მქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ამ სამინისტროს ვუხელმძღვანელებდი, დრო მოვიგეთ, მივმართეთ იუნესკოს. ოთხი ექსპერტი დაგვინიშნა იუნესკომ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად თითოეული ხატის მდგომარეობას შეაფასებს.
დღეს ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, რომელ ხატს შეიძლება შეეხო, რომ გადააადგილო და იმ შენობას რესტავრაცია ჩაუტარო. ზოგ ხატს თუ შეეხები, შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს. ამიტომ, აქაც არის პროფესიების დეფიციტი. იმიტომ რომ აკადემიამ არ აწარმოა ეს პროფესიები და აქაც დიდი რეფორმა გვექნება ჩასატარებელი", - აღნიშნა წულუკიანმა.