დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც ქვეყანაში მოხდა გასულ კვირას, საქართველოში ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და დაასრულოს ეპიდემია.
ამასთან, გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ.
"თვითონ მეგიმ მოუწოდა აცრის შემდგომ მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. ამიტომ, ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, რომელიც ამ მძიმე გართულების შემდეგ გუშინ და გუშინწინ მივიდნენ და მოიხადეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და აიცრნენ.
მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს, მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რაც განვითარდა მთლიანად ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო მეგის ოჯახს, მთლიანად სამედიცინო თემს და ქვეყანას. ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ყოველდღიური გარდაცვალებები „კოვიდით“, ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ეპიდემია ქვეყანაში", – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს "პირველ არხთან" საუბრისას.
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3 818 თანამშრომელი აიცრა.