რუსეთის საპატრიარქო ფინანსურ დახმარებას გამოყოფს ბიჭვინთაში ორღანისათვის ცალკე დარბაზის ასაშენებლად. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს სოხუმში ეპარქიალური სამმართველოს ოფისში გამართულ მრგვალი მაგიდაზე სახელწოდებით "აფხაზეთის მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაცია".
აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ აუცილებელია ღია ტენდერის გამოცხადება აფხაზური მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაციის უფლებაზე.
აპლიას თქმით, ბოლო დროს აფხაზეთში რუსეთიდან ხშირად ჩამოდიან სხვა და ფონდების წარმომადგენლები და კერძო პირები, რომლებიც მათ აფხაზეთის ტაძრების აღდგენის გეგმებს სთავაზობენ. მისი აზრით, ეს საქმიანობა გაყოფილი არ უნდა იყოს და ტაძრების აღდგენის საქმეში ეკლესიაც და სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში რელიგიური დანიშნულების ძეგლების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტთა ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განკარგულებით უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოსა და აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები.
"კომისია უკვე მუშაობს და ორი თვის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს სქემა უძრავი ქონების ობიექტების ეკლესიის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ. ნუსხაში 80-ზე მეტი ტაძარია. თავდაპირველად ეკლესიას გადაეცემა ახალ ათონში, კამანში და ბიჭვინთაში მდებარე ტაძრები", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები