ხვალ, 2 ნოემბერს, ლევან თუთბერიძის ბოლო ნამუშევრის - "უშენოდ მგონი მოვკვდები" პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე კი რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ფილმთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
"უშენოდ მგონი მოვკვდები" ფილმი დიდ ეკრანზე ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის გამო 2 წლიანი დაგვიანების შემდეგ ხვდება.
პროექტი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია.
2008 წელს კინოფილმის პოსტპროდუქციისთვის სახელმწიფო სუბსიდია - 115 000 ლარი გამოიყო. ფილმის ბიუჯეტია - 1 მილიონი ლარი.
მწარმოებელი კინოსტუდიებია: "ნაზარი", "ქართული ფილმი", "სანგუკო", "კალატოზოვის ფონდი" (რუსეთი) და შპს საფინანსო-საკრედიტო ბიურო.
კრიმინალური დრამა ლევან თუთბერიძემ აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაიღო.
ფილმში მონაწილეობენ: გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, შორენა ბეგაშვილი, ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, ლევან ხურცია და სხვა მსახიობები. კომპოზიტორია ნუკრი აბაშიძე.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟია 102 წუთი.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 4 ნოემბრიდან გამოვა.
ფილმის "უშენოდ მგონი მოვკვდები" პრემიერა კინოთეატრ "ამირანში" 22 საათზე გაიმართება. შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია კი დღის 12 საათზე დაიწყება.