"2020 წელს ქუთაისში დამონტაჟდა თანამედროვე რადარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემები, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა იმისთვის, რომ ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია გვქონდეს, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ფარავს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.
მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარე წელს, დაგეგმილია ქალაქ თბილისთან, შიდა ქართლის ტერიტორიის, დიდწილად ქვემო ქართლისა და, ასევე, სამცხის მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის, ასეთივე თანამედროვე რადარის განთავსება.
"კახეთში გვაქვს თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი და ამ სამი რადარის ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაფარავს მთლიან საქართველოს. ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, როგორც პრევენციული ღონისძიებებისთვის, ისე ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის და სხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი; ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზის ძალიან ზუსტი სისტემა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.