ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
აღებულია ბიოლოგიური ნიმუში და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. წულაია მოინახულა მისმა უფლებადამცველმა.
ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თვითონ იზოლატორის შენობაში. აღებულ იქნა ნიმუშები, თმის, ნერწყვის, ასევე ფრჩხილის. ასევე ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა.
რა თქმა უნდა, ის აპირებს სასამართლოზე ჩვენების მიცემას. არ ეთანხმება იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ქალბატონმა განაცხადა. გვექნება შესაძლებლობა შევაგროვოთ საწინააღმდეგო სამხილები. გავაქარწყლებთ იმ ბრალდებებს, რომელიც მას ექნება წარდგენილი”, - განაცხადა ადვოკატმა.
საპატრულო პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში გოგი წულაია 17 მარტს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.