არასამთავრებო ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პირობებს დააკმაყოფილებს, ოკუპირებულ რეგიონებში მუშაობის საშუალება მიეცემათ.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დღეს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ხშირად ისმის ბრალდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო ორაგიზაციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რა ხდება ამ რეგიონებში და როგორ იქცევიან იქ მოქმედი ორგანიზაციები. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც აფხაზეთში მოქმედი რომელიმე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მარიონეტული რეჟიმების ადვოკატია და იძახის, რომ თურმე ქართველები მონსტრები არიან და აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ, ასევე მიუღებელია ტოპონიმების დამახინჯება და მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში ახალგორის ნაცვლად ლენინგორის დაწერა", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქმედო გეგმის განახორცილებაში ჩართვასთან დაკავშირებით, ზემოთაღნიშნულის დაკმაყოფილების გარდა, ყველა პროგრამაში აფხაზეთში მცხოვრებთა და დევლითა ჩართულობის კუთხით აუცილებლად პარიტეტი უნდა დაიცვან.
"იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტული პროექტების განხორცილებასთან დაკავშირებით, მზად ვართ დავეხმაროთ, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობას არ დაარღვევენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ იმოქმედებენ", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.