პოლონეთში მოეწყო კონცერტი, რომელსაც "ჩეჩენ ხალხთა მსოფლიო კონგრესი" უწოდეს, მცირე ხანში მეორე ანალოგიური კონცერტი გროზნოში ჩატარდა. აცხადებს ჩეჩენ მებრძოლთა ერთ-ერთი ლიდერი, კავკასიის ემირი დოკუ უმაროვი და ჩეჩენ ხალხს მოუწოდებს არ აჰყვნენ არაფრისმომცემ და ფუჭ დაპირებებს "მშვიდობიანი ცხოვრების", "დემოკრატიული არჩევნებისა" და "პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზების" შესახებ. უმაროვის განცხადებას ჩეჩნური მედიასაშუალება "კავკაზცენტერი" აქვეყნებს.
"პოლონეთში ჩეჩნების მოსატყუებლად მოაწყვეს კონცერტი, რომელსაც ჩეჩენი ხალხის მსოფლიო კონგრესი უწოდეს. ზაკაევის დირიჟორობით მოწყობილი კონცერტის ჩასატარებლად სოროსის ფონდიდან 10 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. ეს ფული ზაკაევმა მიიღო", _ აცხადებს უმაროვი.
მისივე თქმით, "ალლაჰის მტრებმა მეორე კონცერტი უკვე გროზნოში ჩაატარეს სადაც ისმოდა მოწოდებები იმის შესახებ, რომ აუცილებელია ჩეჩენი ხალხი დაეუფლოს ცოდნას.
"ყოველივე ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერი დღეს ხდება იმის ფონზე, რომ ჩვენ ხალხს კლავენ, ანადგურებენ, იტაცებენ ქალებს და ამცირებენ", _ აცხადებს მებრძოლი.
უმაროვი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო შუამავლები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტისკენ, მშვიდობის დამყარებისკენ და პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ ყველას, მხოლოდ მოჩვენება და დროის გაყვანაა და არავითარი შედეგი მათ მოწოდებებს არ მოყვება. ამასთან დაკავშირებით უმაროვს ერთი მაგალითი მოჰყავს.
"96 წელს აგვისტოში როდესაც ეუთოს შუამავლობით პირველი მოლაპარაკებათა პროცესი დაიწყო შევიკრიბეთ 15 საველე მეთაური. იქვე იყო შამილ ბასაევი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: არ მოტყუვდეთ! ეს ხალხი დღეს აქ შეკრებილია არა იმისათვის რომ ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებს. ისინი კაფირების (რუსების) გადასარჩენად არიან მოსულნი. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს შემდეგი - მათი (რუსების) ჯარის განიარაღება და კავკასიის ტერიტორიიდან მათი ჯარის გაყვანა. უიარაღოებს გავუშვებთ!
მახსოვს ჩვენი მაშინდელი რეაქცია. 15-ვე მზად ვიყავით შამილს ვცემოდით და მეც მათ შორის ვიყავი. ყველა ჩვენგანი მაშინ ვფიქრობდა, რომ ის არანორმალური იყო... ომი უნდა დასრულებულიყო.
დღეს კი თვითონ დრომ გვიჩვენა თუ როგორი სწორი იყო ბასაევი.
ჩვენ მაშინ შეგვეძლო მტრის განადგურება, რომელიც მართლა განადგურებული და უუნარო იყო", _ აცხადებს უმაროვი და ჩეჩნებს აფრთხილებს:
"ამიტომაც მე დღეს ვეუბნები ჩემს ძმებს, ალლაჰს გეფიცებით, რომ ეს "კონგრესი" პოლონეთში და წინადადებები "მშვიდობიან გზებზე" და ა.შ. ეს არაფერი არ არსებობს! ეს ყველაფერი ტყუილია!", _ აცხადებს მებრძოლი.