16 მარტს, თითქმის სამ წლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, განიხილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, ცვლილების შეტანა, რომელის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა და ჩამოყალიბდება ორი დამოუკიდებელი უწყება: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პლენარული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ: „უპირველეს ყოვლისა უამრავი შემოქმედის, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის.“
პარლამენტარმა ხაზი გაუსვა იმ რთულ მდგომარეობას, რის წინაშეც დადგა სფერო უწყებების გაერთიანების შემდეგ. ქეთევან დუმბაძემ გააჟღერა მისი და შემოქმედებითი საზოგადოების ინიციატივა სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების თაობაზე: „კულტურა ერის ღირსებაა - ყოველთვის ასე ითვლებოდა საქართველოში და ასეა ახლაც. ისეთი ერისთვის კი, რომელიც ასე თვლის, კულტურული რყევები ან სტაგნაცია, ყველა ბუნებრივ სტიქიაზე უფრო საშიშია!
საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე მის აღიარებას რადგან მიაჩნია, რომ კულტურაზე დგას საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობა, რითაც შეუძლია დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგობრობაში.
კულტურა საგარეო პოლიტიკის საძირკველია - ასე განსაზღვრა კულტურის როლი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და, რა თქმა უნდა, იგი არ ცდებოდა, დღეს ეს განსაზრვრება ყველაზე აქტუალურად ჟღერს და მინდა მჯეროდეს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კულტურა პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს.
არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები და აგრესია კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, შეურიგებლობა და აგრესიაა კულტურის კრიზისის შედეგი. და თუ დავეთანხმებით ამ აზრს, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში.
დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა", - განაცხადა დუმბაძემ.
პარლამენტარმა ასევე მოუწოდა ბიზნეს სექტორს კულტურის სფეროს სტიმულირებისაკენ და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით პარლამენტი შეძლებს ფილანტროპიის კანონის მიღებას, რომელსაც მოუთმენლად ელის დარგის ყველა წარმომადგენელი: „და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოვუწოდო კულტურის სტიმულირებისკენ. მივმართო პარლამენტს და გთხოვოთ ერთობლივი ძალისხმევით ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას ისე ელის კულტურის სფერო და იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება! რომელიც დიდ შეღავათს გაუწევს სახელმწიფოს ისეთი მოწყვლადი სფეროს განვითარებაში როგორიც კულტურაა“, - აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.