ნინოწმინდაში კომპიუტერის შემსწავლელი წრეზე კომპიუტერები არ აქვთ, კულინარიის წრეზე კი ბავშვებს ინვენტარი სახლიდან დააქვთ.
სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის 12 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება, რომელსაც დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალება განუვითაროს ბავშვებს სხვადასხვა მიმართულების უნარ-ჩვევები. აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც 15 წრეა, ერთ-ერთი კომპიუტერის შემსწავლელი წრეა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს.
"აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სამზარეულოს ინვენტარის სახით", - წერია ანგარიშში.
წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით.
სამზარეულოს ინვენტარის არქონასთან დაკავშირებით, პასუხისმგებელმა პირმა განმარტა, რომ ინვენტარი აღსაზრდელებს სახლიდან დააქვთ.
2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ დახარჯულია 112.0 ათასი ლარი.