ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადებამდე განიხილავდნენ მისი დაკავების ღონისძიებებს.
"ჩემი კითხვაა, აქ აღწერილი კანონის უზენაესობის გროტესკული დარღვევის გათვალისწინებით, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს ფონზე", - წერს ჰენდრიკ ილვესი სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იყო იდენტური იმ პოზიციისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ. თუმც, 17 თებერვლის 17 საათზე გიორგი გახარიას პოზიცია საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა.
"17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ, რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა“, - თქვა კობახიძემ.