მარტის ბოლოდან შესაძლოა 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა შემსუბუქდეს, რაც თავის მხრივ დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული რეგულაციების მოხსნის შემდეგ სიტუაციაზე 1-2 კვირიანი დაკვირვება ხდება და ამის შემდეგ იქნება მიღებული ახალი გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება საკითხს, სრულად მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი თუ დრო გადაიწევს, ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
"ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.