მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 15 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი შემსუბუქდა.
15 მარტიდან სპორტული კლუბებისა და პროფესიული ანსამბლების წევრები რეპეტიციებსა და ვარჯიშს დაიწყებენ; გაიხსნება სპორტული დარბაზები; სასკოლო წრეები აღადგენენ მუშაობას;
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმეეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი - ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა 24 თებერვალს წარადგინა. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 25 თებერვლიდან დაიწყო.