საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ირანთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გაფორმება აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭებასა და საქართველოში მისი როლის შესუსტებას არ გამოიწვევს.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ექსპერტების სკეპტიკურ დამოკიდებულებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა და როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, "საქართველოში შეერთებული შტატების როლის შესუსტება მარტივად ვერ მოხდება".
"ექსპერტების სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. საქართველოში აშშ-ის როლის შესუსტება მარტივად ვერ მოხდება, რადგან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. ამავდროულად, დიდწილად დამოკიდებული ვართ შეერთებული შტატების როგორც მეგობრულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე", - განაცხადა კალანდაძემ და აქვე ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მიზეზები განმარტა.
"შესაბამისი ხელშეკრულება იმის გამო ფორმდება, რომ საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა, რომელმაც ბოლო დროს იმატა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ამავდროულად, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდაც გვსურს. ირანთან საქართველოს ურთიერთობა ღიად და გამჭვირვალედ, მოკავშირეებთან მუდმივი დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს და ეს გამაღიზიანებელი არავისთვის არ არის", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 3-4 ნოემბერს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.