მე მიწევს აცრა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
"ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს, საქართველომ "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით მიიღო "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.
ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.